Eleos

Contents

თავი - 48

Previous
1მოაბზე. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ვაი ნებოს, გაძარცულია იგი! გაწბილებულია და აღებული კირიათაიმი! გაწბილებულია ციხე-სიმაგრე და დაქცეული.
2წარხდა მოაბის დიდება, ავს უზრახავენ ხეშბონში: წავიდეთ, მოვსპოთო მისი სახსენებელი! შენც დადუმდები, მადმენა, მახვილი მოგდევს უკან!
3კივილის ხმა ისმის ხორონაიმიდან, იავარყოფა და დიდი დაქცევა!
4განადგურდა მოაბი! აკივლდნენ მისი პატარები.
5რადგან გირილით ადიან ლუხითის მაღლობზე; რადგან შეცხადების კივილი ესმით ხორონაომის დაღმართებზე.
6გაიქეცით, თავს უშველეთ! ბუჩქივით მარტოსული იქნებით უდაბნოში.
7რადგან შენი ნახელავის და საგანძურის იმედი გქონდა; შენც შეგიპყრობენ და ქამოშიც დატყვევდება, მისი ქურუმები და მთავრებიც თან მიჰყვებიან.
8მიადგება გამანადგურებელი ყოველ ქალაქს, არცერთი ქალაქი არ გადარჩება, დაიღუპება ველ-მინდორი, განადგურდება ვაკეები, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
9მიეცით ფრთები მოაბს, რომ გაფრინდეს, რადგან უდაბნოდ გადიქცევა და განადგურდება.
10წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს! წყეულიმც იყოს, ვინც აკავებს მახვილს სისხლისაგან!
11უშფოთველად იყო მოაბი სიყრმიდანვე, თავის დვრიტაზე განისვენებდა. ჭურჭლიდან ჭურჭელში არ გადაღებულა და გადასახლებაში არ წასულა. ამიტომაც შერჩა თავისი გემო და სუნი არ შეცვლია.
12ამიტომ, აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა გადამღებლებს მივუგზავნი და გადაიღებენ მას, დაუცარიელებენ ჭურჭლებს და ტიკებს დაუხევენ.
13გაწბილდება მოაბი ქამოშის გამო, როგორც გაწბილდა ისრაელის სახლი ბეთელის გამო, რომელსაც ესავდა.
14როგორღა ამბობთ: გმირები ვართ, ძლიერი მებრძოლები ვართო?
15განადგურებულია მოაბი და მისი ქალაქები; მისი რჩეული ვაჟკაცები სასაკლაოზე წავიდნენ, ამბობს მეფე, რომლის სახელი ცაბოთ უფალია.
16ახლოსაა მოაბის აღსასრული, გამალებით მოიჩქარის მისი უბედურება.
17დაიტირეთ იგი, მეზობლებო, და მისი სახელის მცნობელნო, იყვირეთ: როგორ შეიმუსრა ძლიერი კვერთხი, დიდებული არგანი!
18ჩამოდი დიდებიდან და დაჯექი გვალვიანში, დიბონის მკვიდრო, რადგან შენ მოგადგა მოაბის გამანადგურებელი და ციხე-სიმაგრეები დაგიქცია.
19გზაზე დადექი და თვალი ადევნე, ყაროყერის მკვიდრთ! ჰკითხე გამოქცეულს და თავდახსნილს, ჰკითხე, რა მოხდა-თქო?
20გაწბილებულია მოაბი, რადგან დაიქცა. იტირეთ და იკივლეთ, ამცნეთ არნონში, რომ განადგურებულია მოაბი.
21სასჯელმა უწია დაბლობ ქვეყანას - ხოლონს, იაჰცას და მეფაყათს,
22დიბონს, ნებოს და ბეთ-დიბლათაიმს;
23კარიათაიმს, ბეთ-გამულს და ბეთ-მეყონს,
24კერიოთს, ბოცრას და მოაბის ყველა ქალაქს, შორეულსაც და მახლობელსაც.
25რქა მოეკვეთა მოაბს და მკლავი მოტყდა, ამბობს უფალი.
26დაათვრეთ იგი, რადგან გაუმედიდურდა უფალს. იგორავებს მოაბი თავის ნარწყევში და ისიც სამასხრო შეიქნება.
27განა სამასხროდ არ გყავდა ისრაელი? განა ქურდებში იყო დაჭერილი, თავს რომ აქნევ მის ყოველ ხსენებაზე?
28დასტოვეთ ქალაქები და კლდეებში დასახლდით, მოაბის მკვიდრნო! იყავით მტრედებივით, ნაპრალის კიდეებზე რომ იბუდებენ.
29გვსმენია მოაბის ყიფი, მეტისმეტი სიამაყე, მისი ქედმაღლობა და მისი ამპარტავნობა, მედიდურობა და დიდგულობა.
30მე ვიცი, ამბობს უფალი, მისი სიცოფე, ფუჭი ქადილი და ფუჭი საქმე.
31ამიტომაც ვივალალებ მოაბზე და კივილს ავტეხ მთელს მოაბზე. იგლოვებენ კირ-ხერესის კაცებს.
32იაყზერზე მეტად დაგიტირებ, სიბმას ვენახო! შენი ლერწები ზღვამდე აღწევს, იაყზერის ზღვამდე. მძარცველი შეესია შენს ადრეულ ნაყოფს და მოსავალს.
33ლხენა და სიხარული წაერთვა ქარმელს და მოაბის ქვეყანას; გავაქრობ ღვინოს საწნახლებიდან, აღარ დაწურავენ შეძახილით: ჰედად! ჰედად! აღარ გაისმება ჰედადის შეძახილი.
34ხეშბონის გამო კივილს ელყალამდე, იაჰაცამდე ბანი მისცეს ცოღარიდან ხორონაიმამდე და ყეგლათ-შელიშიამდე; რადგან დაწყდება ნიმრიმის წყლებიც.
35მუსრს გავავლებ მოაბში ყველას, ამბობს უფალი, ვისაც გორაკზე მსხვერპლი მიაქვს და უკმევს თავის ღმერთებს.
36ამიტომ მიკვნესის სტვირივით გული მოაბზე; მიკვნესის სტვირივით გული კირ-ხარესის ხალხზე, რადგან დაეღუპათ მთელი მონაგარი.
37გადაპარსული აქვს ყველას თავი, მოკვეცილი აქვს ყველას წვერი, დახოკილი აქვს ყველას ხელები და წელზე ჯვალო არტყია.
38მოაბის ყველა ბანზე და მის ყველა მოედანზე გლოვის ხმა ისმის, რადგან მე დავლეწე მოაბი უხმარი ჭურჭელივით, ამბობს უფალი.
39როგორ დაიქცა, როგორ მოთქვამენ, როგორ თავი შეირცხვინა და შეიქნა მოაბი სამასხროდ და შესაზარად გარეშემოთათვის.
40რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, არწივივით აფრინდება და ფრთებს გადაშლის მოაბზე.
41დაიპყრობენ ქალაქებს და ციხე-სიმაგრეებს დაიჭერენ; მოაბელი ვაჟკაცების გული მშობიარე დედაკაცის გულივით გახდება იმ დღეს.
42გაქრება მოაბის სახსენებელი, რადგან გაუმედიდურდა უფალს.
43შიში და ხარო და ხაფანგი გელის, მოაბის მკვიდრო! ამბობს უფალი.
44შიშისგან გაქცეული ხაროში ჩავარდება, ხაროდან ამოსული ხაფანგში გაებმება, რადგან მოვაწევ მოაბზე მისი განკითხვის წელიწადს, ამბობს უფალი.
45ხეშბონის ჩრდილს შეაფარეს თავი ღონემიხდილმა ლტოლვილებმა; მაგრამ ცეცხლი გამოტყვრა ხეშბონიდან და ალი სიხონის შუაგულიდან, და საფეთქელი შეუტრუსა მოაბს და თხემი შფოთის ამტეხთ.
46ვაი შენ, მოაბო! დაიღუპა ქამოშის ხალხი, რადგან ტყვედ წაასხეს შენი ვაჟები და ასულები.
47მაგრამ დავაბრუნებ მთაბელ ტყვეებს უკანასკნელ დღეებში, ამბობს უფალი. აქამდეა მოაბის განაჩენი.
Next