თავი - 46
Previous1უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი ხალხებზე -
2ეგვიპტეზე და ფარაონ ნექოს, ეგვიპტის მეფის, ლაშქარზგ, რომელიც იდგა მდინარე ევფრატის პირას, ქარქემიშში და რომელიც დაამარცხა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის მეოთხე წელს:
3გაამზადეთ ფარები და მუზარადები და საბრძოლველად გადით!
4შეკაზმეთ ცხენები და ზედ მოახტით, მხედრებო! მოდექით თავჩაჩქიანებო, წვერი წაუმახეთ შუბებს და ჯავშნით შეიმოსეთ!
5რას ვხედავ? უკან მორბიან შეშინებულნი, იძვლივნენ მათი ვაჟკაცები, გარბიან უკანმოუხედავად, შიშის ზარია ირგვლივ, ამბობს უფალი.
6ვერ გაიქცევა მკვირცხლი, ვერ დაუსხლტება ძლიერს; ჩრდილოეთით, ევფრატის პირას წაიფორხილებენ და დაეცემიან.
7ვინ არის ნილოსივით რომ მოდიდებულა, ნიაღვრის წყლებივით რომ ბობოქრობს?
8ეგვიპტე მოდიდდა ნილოსივით და მდინარეთა წყლებივით ბობოქრობს. ამბობს: მოვდიდდები და დავფარავ მიწას, დავაქცევ ქალაქსა და მის მცხოვრებლებს.
9ამხედრდით ცხენებზე, გაქანდით ეტლებო! დაე, გამოვიდნენ ქუში და ფუტი, ფარის მპყრობელნი და ლიდიელები - მშვილდის მომზიდავნი!
10დღეს არის უფლის, ჩვენი ღვთის დღე, რომ შური მიაგოს თავის მტრებს. დაიწყებს შეჭმას მისი მახვილი და გაძღება, დარწყულდება მათი სისხლით; რადგან საკლავი ექნება უფალს, ჩვენს ღმერთს, ჩრდილოეთის ქვეყანაში, ევფრატის პირას.
11ადი გალაადს და ბალსამონი მოიტანე, ეგვიპტელო ქალწულო! ამაოდ ახვავებ წამლებს, არ განიკურნები!
12ხალხებმა გაიგონეს შენი ხმა, აავსო მიწა შენმა კივილმა, როცა ძლიერი შეეჯახა ძლიერს და ორივენი ერთად დაეცნენ.
13სიტყვა, რომელიც უთხრა უფალმა იერემია წინასწარმეტყველს ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, მოსვლაზე და ეგვიპტის ქვეყნის დამარცხებაზე.
14გამოეცხადეთ ეგვიპტეში, გააგონეთ მიგდოლს, გააგონეთ ნოფს და თახფანხესს, უთხარით: დადექ და მოემზადე, რადგან ყველაფერს შეჭამს მახვილი შენს გარშემო!
15რატომ დამხობილა შენი ძლიერი და ვეღარ დგება? უფალმა ჩამოაგდო.
16გაამრავლა წაფორხილებულნი, ერთმანეთზე ეცემიან და ამბობენ: ადექი და დაბრუნდი შენს ხალხთან და შენს სამშობლო ქვეყანაში, თავი აარიდე სასტიკ მახვილს.
17დაარქვეს სახელად ფარაონს, ეგვიპტის მეფეს ხმაური. გაეპარა მას დათქმული ჟამი.
18ცოცხალი ვარ, ამბობს მეფე, რომლის სახელი ცაბაოთ უფალია; როგორც თაბორი მთათა შორის, როგორც ქარმელი ზღვისპირისა, ის მოვა.
19მოამზადე საყარიბო ბარგი, ეგვიპტელო ასულო, რადგან უდაბნოდ იქცევა ნოფი, გადაიხრუკება, გაუკაცურდება.
20შვენიერი ფურია ეგვიპტე: ჩრდილოეთიდან დაღუპვა მოდის, მოდის.
21მისმა მოჯამაგირეებმაც, ბაგის ხარებივით რომ იყვნენ, ზურგი უჩვენეს და ერთად გაიქცნენ, არ დადგნენ, რადგან უწია მათ უბედურების დღემ, განკითხვის ჟამმა.
22გველივით ასისინდება იგი, როცა ლაშქრით გამოემართება, ტყის გამკაფავივით ცულებით მოადგება.
23გაჩეხავენ მის ტყეს, ამბობს უფალი, რადგან გაუვალია იგი; კალიაზე მეტნი არიან, არა აქვთ სათვალავი.
24შერცხვენილი იქნა ეგვიპტის ასული, ჩრდილოეთის ხალხს ჩაუვარდა ხელში.
25ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, დავსჯი თებელ ამონს, ფარაონს, ეგვიპტეს, მის ღმერთებს, მის მეფეებს, ფარაონს და მის მოიმედეთ.
26ჩავაგდებ მის მესისხლეთა - ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, და მის მორჩილთა ხელში. მერე კი ძველებურად დასახლდება, ამბობს უფალი.
27შენ ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ნუ ფრთხი, ისრაელ! რადგან, აჰა, დავიხსნი შენს თავს შორეთიდან და შენს მოდგმას მისი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი და იცხოვრებს მშვიდად და მყუდროდ. არავინ იქნება დამაფრთხობელი.
28ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ამბობს უფალი, რადგან შენთანა ვარ. ბოლოს მოვუღებ ყველა ხალხს, ვისთანაც მყავხარ გაგდებული; შენ არ მოგიღებ ბოლოს, ოღონდ დაგსჯი სამართლიანად, დაუსჯელს არ დაგტოვებ.
Next