თავი - 2
Previous1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2წადი და ყურში ჩასძახე იერუსალიმს: ასე ამბობს-თქო უფალი: მე მახსოვს შენი ყმაწვილური ერთგულება და პატარძლური სიყვარული, როცა მომყვებოდი უდაბნოში, უხნავ-უთეს მიწაზე.
3უფლის სიწმიდეა ისრაელი, მისი მოსავლის ნათავარი; ყოველი მისი მჭამელი დადანაშაულდება, უბედურება დაატყდება თავს, ამბობს უფალი,
4ისმინე უფლის სიტყვა, იაკობის სახლო, და ისრაელის სახლის ყოველო საგვარეულოვ!
5ასე ამბობს უფალი: რა ნახა ჩემში ცუდი თქვენმა მამა-პაპამ, რომ განმიდგა, ამაოებას რომ აჰყვა და თავადაც ამაოებაში ჩაეფლო?
6რომ არც უკითხავს, სად არისო უფალი, რომელმაც ამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან გვატარა უდაბნოში, შიშველ და დახრამულ მიწაზე, უწყლო და პირქუშ ქვეყანაში, სადაც კაციშვილი არ გაჭაჭანებულა, სადაც ადამიანს არ უცხოვრია?
7მოგიყვანეთ აყვავებულ მიწაზე, რომ მისი ნაყოფი და დოვლათი გეჭამათ. მოხვედით და შებღალეთ ჩემი მიწა, და ჩამი სამკვიდრო სიბილწედ აქციეთ.
8არ უთქვამთ მღვდლებს: სად არისო უფალი? რჯულის კაცებმა არ მიცნეს, მწყემსები განმიდგნენ, წინასწარმეტყველნი ბაალის სახელით გაქადაგდნენ და უსარგებლო კერპებს აეკიდნენ.
9ამიტომაც კიდევ მექნება თქვენთან დავა, ამბობს უფალი; თქვენს შვილთა შვილებთანაც ვიდავებ.
10რადგან, აბა, წადით ქითიელთა კუნძულებზე და ნახეთ, გააგზავნეთ კედარში და კარგად გამოიკვლიეთ, ნახეთ, თუ სადმე მომხდარა ამგვარი რამე.
11თუ შეუცვლია რომელიმე ხალხს თავისი ღმერთები, თუმცა არ ყოფილან, ისინი ღმერთები? ჩემმა ერმა კი უსარგებლო კერპებზე გადაცვალა თავისი დიდება!
12შეძრწუნდი ამის გამო, ცაო, შეშფოთდი და გამოშრი, ამბობს უფალი.
13რადგან ორი დანაშაული ჩაიდინა ჩემმა ერმა: მიმატოვეს მე, ცოცხალი წყაროსთვალი და ამოკვეთეს თავისთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.
14მონაა ისრაელი თუ სახლისშვილი? აბა, რატომ იქცა ნადავლად?
15თავს დაღრიალებდნენ ლომები, ხმამაღლა ბდღვინავდნენ, უდაბნოდ უქციეს ქვეყანა; გადამწვარია მისი ქალაქები, გაუკარციელებული.
16თვით ნოფელებმა და თახფანესელებმაც კი ჩაგიმტვრიეს თავის ქალა.
17იმის გამო ხომ არ მოიწიე ეს, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი, როცა გზად მიჰყავდი?
18ახლა რად დასდგომიხარ ეგვიპტის გზას? - ნილოსის წყლის დასალევად? რად დასდგომიხარ აშურის გზას? - ევფრატის წყლის დასალევად?
19ჭკუაზე მოგიყვანს შენი დანაშაული და შენი განდგომილება გამხილებს შენ. იფიქრე და იცოდე, რა მძიმეა და მწარე უფლის, შენი ღვთის, მიტოვება. აღარა გაქვს ჩემი შიში, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.
20როცა დიდიხნის წინათ დავლეწე შენი უღელი, დავწყვიტე შენი აპეურები, შენ თქვი: აღარ გემორჩილებითო. რადგან ყოველ მაღალ გორაკზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ წვებოდი მეძავივით.
21მე დაგრგე რჩეულ ვენახად, ჭეშმარიტ თესლად დაგთესე. როგორ გადაჯიშდი და უცხო ვაზად როგორ შემეცვალე!
22ნაცარტუტითაც რომ იხეხო, რამდენი საპონიც არ უნდა იხმარო, შენი შეცოდება მაინც ლაქად და რჩება ჩემს წინაშე, ამბობს უფალი ღმერთი.
23როგორ ამბობ: არ წამიბილწავს თავი, ბაალებს არ ავკიდებივარო? გაიხსენე შენი საქციელი ველზე, დაფიქრდი, რა გააკეთე, გარეულო დედალო აქლემო, აქეთ-იქით რომ დაჭენაობ?
24ვინ დააკავებს უდაბნოზე შეჩვეულ კანჯარს, როცა სუნთქვაშეკრული გარბის? ნუ დაშვრებიან მისი მძებნელნი; ერთ თვეშიც ვერ მიაგნებენ.
25დაინდე შიშველი ფეხები და წყურვილისგან გამომშრალი ყელი! შენ კი ამბობ: არა, ამაოა! რადგან უცხოები მიყვარს და მათ ავეკიდებიო!
26როგორც ქურდს შერცხვება ხოლმე, როცა წაასწრებენ, ასე შეირცხვინა თავი ისრაელის სახლმა, მისმა მეფეებმა, მთავრებმა, მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა,
27ხეს რომ ეუბნებიან: მამა ხარო ჩემი, და ქვას: შენ მშობეო, რადგან ზურგი მომაქციეს მათ და არა სახე. გასაჭირში კი ამბობენ: ადექი და გვიხსენიო.
28სად არიან შენი ღმერთები, რომლებიც შენთვის გაიკეთე? ადგნენ, თუკი შეუძლიათ შენი ხსნა გასაჭირში. რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს შენ, იუდა!
29რიღასთვის მედავებით? ხომ ყველანი განმიდექით მე, ამბობს უფალი.
30ამაოდ მიცემია თქვენი შვილები: ჭკუა ვერ ისწავლეს. თქვენმა მახვილმა შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი, როგორც გამანადგურებელმა ლომმა.
31ეჰა, მოდგმავ! შეიგონე უფლის სიტყვა! განა უდაბნო ვიყავი ისრაელისთვის ან ბნელეთი? რატომ ამბობს ჩემი ერი: თავისუფალნი ვართ, შენთან აღარ მოვალთო?
32როდის ყოფილა, ქალწულს თვისი სამკაული დაევიწყებინოს ან პატარძალს - თვისი მორთულობანი? ჩემმა ერმა კი რა ხანია, დამივიწყა მე.
33როგორ გაგიმზადებია შენი გზა სიყვარულის საძებრად? ბოროტებანიც კი შეაჩვიე შენს გზებს!
34შენი კაბის კალთებს ამჩნევია უდანაშაულო ბეჩავთა სისხლი. ხომ არ წაგისწრია მათთვის სახლის გამოთხრისას?
35და მაინც ამბობ: უბრალო ვარ, ამცდება მისი რისხვაო. მაგრამ, აჰა, გაგიმართავ დავას, რაკი ამბობ, არ შემიცოდავსო.
36რამდენს დაეხეტები და იცვლი გზებს! ეგვიპტისგანაც ისევე შერცხვები, როგორც აშურისგან შერცხვი.
37მისგანაც გახვალ თავში ხელისცემით, რადგან გაგიცრუებს უფალი იმედებს და ვერაფერს გამორჩები მათ.
Next