Eleos

Contents

თავი - 13

Previous
1ასე მითხრა უფალმა: წადი, იყიდე ტილოს სარტყელი და წელზე შემოირტყი, წყალში არ ჩადო.
2ვიყიდე სარტყელი უფლის სიტყვისამებრ, და შემოვირტყი წელზე.
3მეორეგზის იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
4აიღე სარტყელი, რომელიც იყიდე და წელზე გაქვს. ადექი, წადი ფერათს და დამალე იქ, კლდის ნაპრალში.
5წავედი და დავმალე იგი ფერათში, როგორც უფალმა მიბრძანა.
6გამოხდა ხანი მრავალი და მითხრა უფალმა: ადექი, წადი ფერათს და აიღე იქიდან სარტყელი, რომლის დამალვა მე გიბრძანე.
7წავედი ფერათს, გავთხარე და ამოვიღე სარტყელი იმ ადგილიდან, სადაც დამალული მქონდა. აჰა, დამპალიყო სარტყელი, აღარაფრად ვარგოდა.
8იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
9ასე ამბობს უფალი: ასევე ფუჭად ვაქცევ იუდას მედიდურობას და იერუსალიმის უზომო ამპარტავნობას.
10ეს ბოროტი ხალხი, რომელსაც არ უნდა ჩემი სიტყვის გაგონება, აჰყოლია თავის გულისთქმას და მისდევს სხვა ღმერთებს, რომ ემსახუროს და თაყვანისცეს მათ, დაემსგავსება ამ სარტყელს, რომელიც არაფრად აღარ ვარგა.
11რადგან როგორც კაცის წელზეა მიკრული სარტყელი, ასევე მივიკარი მე ისრაელის მთელი სახლი და იუდას მთელი სახლი, ამბობს უფალი, რათა ქცეულიყვნენ ჩემს ერად, სახელად და დიდებად და მშვენებად. მაგრამ არ ისმინეს.
12უთხარი მათ ეს სიტყვა: ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ყველა ტიკი ღვინით ივსება. გეტყვიან: განა არ ვიცით, რომ ღვინით ივსება ყველა ტიკი?
13უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, დათრობამდე ავავსებ ამ ქვეყნის ყველა მკვიდრს, მეფეებს, რომელნიც დავითის ტახტზე სხედან, მღვდლებს, წინასწარმეტყველებს და იერუსალიმის ყველა მკვიდრს,
14ერთმანეთზე შევაჭყლეტ მამებსა და შვილებს, ამბობს უფალი. არ შევიწყალებ, არ შევიბრალებ და არ დავინდობ დაღუპვისგან.
15ისმინეთ და ყურადიღეთ, ნუ გამედიდურდებით, რადგან უფალი ლაპარაკობს.
16მიაგეთ პატივი უფალს, თქვენს ღმერთს, ვიდრე არ ჩამოუბნელებია, ვიდრე არ წაფორხილებულხართ მწუხრის მთებზე. სინათლის იმედი გექნებათ, მაგრამ წყვდიადად გადააქცევს, სიბნელედ შეცვლის.
17თუ ამას არ გაიგონებთ, იდუმალ იტირებს ჩემი სული თქვენი სიჯიუტის გამო, მწარედ აქვითინდება, ცრემლები წასკდება ჩემს თვალებს, რადგან ტყვედ წაასხამენ უფლის სამწყსოს.
18უთხარი მეფეს და დედოფალს: ჩამოდით ტახტიდან და ძირს დასხედით, რადგან მოგეხადათ თქვენი მშვენიერი გვირგვინი.
19სამხრეთის ქალაქები ჩაკეტილია და არავინაა გამღები. განდევნილია მთელი იუდა, პირწმინდად განდევნილი.
20აახილეთ თვალი და შეხედეთ ჩრდილოეთიდან მომავალთ. სად არის სამწყსო, შენ რომ ჩაგაბარეს, შენი მშვენიერი ფარა?
21რას იტყვი, როცა მოგთხოვენ პასუხს? შენ თავად ასწავლე მათ, როგორ ებატონათ შენზე. განა კრუნჩხვები არ გაგტანჯავს მშობიარე ქალივით?
22იტყვი გულში: რატომ მეწია ეს ყველაფერი? - დიდი დანაშაულის გამოა, რომ გაგშიშვლებია კალთები და ქუსლები გამოგჩენია.
23თუ შეიცვლის ზანგი თავის კანს და ვეფხვი თავის აჭრელებულ ბეწვს? თქვენც, სიბოროტეს დაჩვეულნი, თუ შეძლებდით სიკეთის ქმნას?
24გავანიავებ მათ ბზესავით უდაბნოს ქარში.
25ეს არის შენი წილი. ეს ხვედრი გეკუთვნის ჩემგან, ამბობს უფალი, რაკი დამივიწყე და სიცრუის იმედი გქონდა.
26მეც აგიწევ კალთებს პირისახემდე და გამოჩნდება შენი სირცხვილი,
27შენი გარყვნილება, ავხორცობა, და ბილწი ზრახვები. ველის ბორცვებზე დავინახე შენი სიბილწენი. ვაი შენ, იერუსალიმო! ნუთუ აღარ გასუფთავდები? როდემდის?
Next