თავი - 11
Previous1ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა მათ:
2ელაპარაკეთ ისრაელიანებს: აი, ეს ცხოველებია, რომლებიც გეჭმევათ ყველა პირუტყვს შორის დედამიწაზე.
3ყველა პირუტყვი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს და იცოხნის, გეჭმევათ.
4ოღონდ ისეთნი არ გეჭმევათ, რომელნიც იცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაპობილი: აქლემი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის;
5ბოცვერი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის;
6კურდღელი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის;
7ღორი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს, მაგრამ არ იცოხნის, უწმიდურია თქვენთვის;
8მათი ხორცი არ შეჭამოთ, მათ ლეშს არ მიეკაროთ, უწმიდურებია ისინი თქვენთვის.
9აი, რა გეჭმევათ წყლის არსებათაგან: ყველაფერი, რასაც კი ფარფლები და ქერეჭი აქვს წყალში - ზღვებში თუ მდინარეებში, გეჭმევათ.
10ყველაფერი, რასაც ფარფლები და ქერეჭი არა აქვს ზღვებში თუ მდინარეებში, წყლის რა სულდგმულიც არ უნდა იყოს, უსურმაგია თქვენთვის.
11უსურმაგი უნდა იყოს ისინი თქვენთვის, მათი ხორცი არ უნდა ჭამოთ, მათი ლეში უნდა გძაგდეთ.
12ყველაფერი, რასაც ფარფლები და ქერეჭი არა აქვს წყალში, უსურმაგია თქვენთვის.
13ესენი გძაგდეთ ფრინველთაგან, არ ჭამოთ, უსურმაგნი არიან: არწივი, სვავი, ფსოვი,
14ძერა, ქორი და მათი გვარისანი,
15ყოველნაირი ყორანი და მისი გვარისანი,
16სირაქლემა, ბუ, თოლია, მიმინო და მათი გვარისანი,
17ჭოტი, ჩვამა, წერო,
18ბუკიოტი, ვარხვი, კოდალა,
19ყარყატი, ჩანჩა და მისთანანი; ოფოფი, ღამურა;
20ყოველნაირი მწერი - მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე - უსურმაგი უნდა იყოს თქვენთვის.
21გეჭმევათ ყოველი მფრინავი თუ ოთხზე მოსიარუღე მწერი, რომელსაც მუხლიანი წვივები აქვს მიწაზე სახტომად.
22ამათგან ესენი გეჭმევათ: კალია და მისი გვარისანი, სალყამი და მისი გვარისანი, ხარგოლი და მისი გვარისანი, ხაგაბი და მისი გვარისანი.
23ყველა სხვა მწერი - ფრთიანი და ოთხფეხი - უსურმაგია თქვენთვის.
24მათი უწმიდურობა თქვენზე გადმოვა; ყველა, ვინც კი მათ ლეშს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
25ვისაც რამე მოედება მათი ლეშისგან, სამოსელი უნდა გარეცხოს, და გაუწმიდურებული დარჩება საღამომდე.
26ყოველი ცხოველი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს, მაგრამ არა აქვს ღრმა ჭრილი და არც იცოხნება, უსურმაგია თქვენთვის; ყველა, ვინც კი მას მიეკარება, გაუწმიდურდება.
27ყოველი ოთხფეხი მხეცი, რომელიც თათებზე დადის, უსურმაგია თქვენთვის; ყველა, ვინც კი მას მიეკარება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
28ვისაც რამე მოედება მათი ლეშისგან, სამოსელი გაირეცხოს, და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. უსურმაგები არიან ისინი თქვენთვის.
29ესენი არიან თქვენთვის უსურმაგები მიწაზე მძრომებში: კვერნა, თაგვი, ხვლიკი და მათი გვარისანი,
30ზღარბი, ბაყაყი, კუ, ლოკოკინა და თხუნელა.
31ესენია თქვენთვის უსურმაგნი ქვემძრომებში; ვინც კი მათ ლეშს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
32ყველაფერი, რაზეც კი რომელიმე მათგანი დაეცემა, ხის რაიმე ჭურჭელი იქნება, ტყავის თუ ჯვალოს სამოსელი, ნებისმიერი სახმარი ნივთი, გაუწმიდურდება; წყალში უნდა ჩაიდოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება, მერე კი გაწმიდავდება.
33თუ რაიმე თიხის ჭურჭელში ჩავარდება, ყველაფერი, რაც ჭურჭელშია, გაუწმიდურდება; უნდა დაამტვრიოთ.
34თუ რამე საჭმელს, რასაც ჭამთ, წყალი დაესხა, გაუწმიდურდება; ყოველი სასმელი, რომელსაც რამე ჭურჭლიდან სვამთ, გაუწმიდურდება.
35ყველაფერი, რასაც მათი ლეშიდან რამე მოხვდა, გაუწმიდურებულია; ღუმელი იქნება თუ კერა, უნდა დაიმტვრეს; უწმიდურია ისინი და თქვენთვისაც უწმიდური უნდა იყოს.
36მხოლოდ წყარო და ჭა, წყალსატევი დარჩება სუფთა. მათი ლეშის შემხებელი კი გაუწმიდურდება.
37თუ მათი ლეშიდან რამე მოხვდა სათესლე მარცვალს, სუფთა დარჩება.
38თუ თესლს წყალი დაესხა და მათი ლეშიდან რამე დაეცა ზედ, გაუწმიდურებული იქნება იგი თქვენთვის.
39თუ ისეთი პირუტყვი მოკვდება, რომელიც გეჭმევათ, და მის ლეშს ვინმე მიეკარება, გაუწმიდურებული იქნება იგი საღამომდე.
40მისი ლეშის მჭამელმა ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება; მისი ლეშის წამღებმა ტანსაცმელი გაირეცხოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.
41ყველაფერი, რაც კი მიწაზე დაძვრება, უსურმაგია, არ გეჭმევათ.
42არანაირი მუცელზე მხოხავი, არანაირი მრავალფეხა, არანაირი მიწაზე მძრომი არ გეჭმევათ, რადგან უსურმაგები არიან.
43არ წაიბილწონ სული ქვემძრომით და არ გაუწმიდურდეთ მისგან.
44რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; გაწმიდავდით და წმიდა იქნებით, როგორც მე ვარ წმიდა. არ გაიუწმიდუროთ თავი არანაირი ქვემძრომით, რომელიც მიწაზე დაღოღავს,
45რადგან მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი. იყავით წმიდები, როგორც მე ვარ წმიდა.
46ეს არის პირუტყვის, ფრინველის და ყოველი სულდგმულის, წყალში მცურავისა და მიწაზე მღოღავის წესი,
47რომ ერთმანეთისგან გაირჩეს უწმიდური და წმიდა, ცხოველი, რომელიც იჭმევა და ცხოველი, რომელიც არ იჭმევა.
Next