Eleos

Contents

თავი - 52

Previous
1გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალი შენი, სიონო! შეიმოსე შენი დიდების სამოსელი, იერუსალიმო, წმიდა ქალაქო, რადგან აღარ შემოგივა წინდაუცვეთელი და უწმიდური!
2ჩამოიფერთხე მტვერი, აღდექ, ტყვე იერუსალიმო! გაიხსენი შენი ქედის საკვრელები, დატყვევებულო სიონის ასულო!
3რადგან ასე ამბობს უფალი: მუქთად იყავით გაყიდულნი და უსასყიდლოდ გამოისყიდებით.
4რადგან ასე ამბობს უფალი, ღმერთი: ეგვიპტეში იყო ჩასული ჩემი ერი ოდესღაც საცხოვრებლად და აშური თრგუნაედა მას არაფრისთვის.
5რა მინდა აქ ახლა, ამბობს უფალი, როცა ჩემი ხალხი მუქთად არის წაყვანილი. მისი მთავარნი ქვითინებენ, ამბობს უფალი, და გამუდმებით, დღენიადაგ, ილანძღება ჩემი სახელი.
6ამიტომ შეიცნობს ჩემი ერი ჩემს სახელს; ამიტომ სწორედ იმ დღეს, შეიცნობს, რომ ეს მე ვარ, ვინც ლაპარაკობს: აჰა, მე ვარ!
7რა საამურია მთებზე მახარობლის ნაბიჯები, მშვიდობის გამომცხადებლის, სიკეთის მახარობლის, ხსნის გამომცხადებლის, რომელიც ეუბნება სიონს: გამეფდა შენი ღმერთი!
8აჰა, გაისმა ხმა შენი დარაჯების! ერთად აუწიეს სმას და ყიჟინებენ, რადგან თვალდათვალ ხედავენ, რომ ბრუნდება სიონზე უფალი.
9იყიჟინეთ ერთად, იერუსალიმის ნაოხარნო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი, გამოისყიდა იერუსალიმი.
10გაიშიშვლა უფალმა თავისი წმიდა მკლავი ყველა ხალხის წინაშე და იხილავენ ქვეყნის კიდეები ხსნას ჩვენი უფლისა.
11წამოდით, წამოდით, გამოდით მანდედან! უწმიდურს ნუ მიეკარებით. გამოდით მისგან! განიწმიდენით, უფლის საჭურჭლის მტვირთველნო!
12რადგან ფაცაფუცით არ გამოხვალთ და სირბილით არ ივლით, რადგან უფალი წაგიძღვებათ და ისრაელის ღმერთი გამოგყვებათ უკან.
13აჰა, მოჭკვიანდება ჩემი მორჩილი, გაიმართება, აღზევდება და დიდად ამაღლდება.
14რაზომ აძრწუნებდა ბევრს შენი ხილვა (რადგან არავინ იყო მასზე მახინჯი კაცთა შორის და მასზე შეურაცხი ადამის ძეთა შორის!),
15იმზომ გაიხარებს შენზე ბევრი ხალხი, პირს მოკუმავენ მეფეები, რადგან მოუთხრობელს იხილავენ და ჯერარსმენილს გაიგონებენ.
Next