თავი - 10
Previous1ვაი უსამართლო განაჩენის გამომტანთ და უკანონო მსჯავრისმდებელთ,
2სამართლისგან რომ განარიდებენ ღარიბ-ღატაკთ, ამტყუნებენ ჩემი ერის ჩაგრულს, ქვრივებს ნადავლად იტაცებენ და ობლებს ძარცვავენ!
3რას იზამთ განკითხვისა და დაქცევის დღეს, შორიდან რომ მოდის? ვისთან გაიქცევით შეწევნისთვის და თქვენს დიდებას სად დატოვებთ?
4ვინ სად ჩაიჩოქებს ტყვეთა შორის, ვინ სად დაეცემა დახოცილთა შორის! მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
5ვაი აშურს, კვერთხს ჩემი რისხვისა! კეტი მათ ხელში ჩემი გულისწყრომაა.
6უღვთო ხალხის წინააღმდეგ გავგზავნი და ჩემი რისხვის ხალხზე გალაშქრებას ვუბრძანებ, რომ დაატყვევოს და გაძარცვოს, გათელოს ქუჩის ტალახივით.
7მაგრამ ის ასე არ განსჯის და მისი გული ასე არ იზრახავს; არამედ განადგურებაა მის გულში და ხალხების ერთიანად მოსპობა.
8რადგან ამბობს: განა ჩემი მთავრები ყველანი მეფეები არ არიან?
9განა ქალნო და ქარქემიში ერთი არ არის? განა არფადი და ხამათი ერთი არ არის? განა დამასკო და სამარია ერთი არ არის?
10როგორც მისწვდა ჩემი ხელი კერპთა სამეფოებს, რომელთაც მეტი ჰყავთ ჩამოსხმული ღმერთები, ვიდრე იერუსალიმს და სამარიას;
11როგორც სამარიას და მის კერპებს მოვექეცი, განა ისევე არ მოვექცევი იერუსალიმს და მის სათაყვანებლებს?
12როცა მოათავებს უფალი ყველა თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინ მოვკითხავ აშურის მეფეს მისი დიდგულობის ნაყოფს - მის ქედმაღლურ მზერას.
13რადგან ნათქვამი აქვს: ჩემი ხელის ძალით ვქმენი ეს და ჩემი სიბრძნით, რადგან გამჭრიახი ვარ; მე გადავწიე ხალხთა სამანები და გავძარცვე მათი საგანძურები, ბუმბერაზივით ჩამოვყარე ტახტებზე მსხდომარენი.
14ბუდესავით მოძებნა ჩემმა ხელმა ხალხთა საბადებელნი; მიტოვებულ კვერცხებს რომ კრეფენ, ისე ავკრიფე მთელი ქვეყანა, ფრთა არ შერხეულა, პირი არ გაღებულა, ხმა არ დაძრულა.
15თუ ეყოყოჩება ცული მჩეხელს, თუ ედიდგულება ხერხი მხერხელს? ვითომ დაეღირება კვერთხი მის მომქნევს, ვითომ თავისით აღიმართება კეტი, თითქოს ხე არ იყოს?
16ამიტომ სიმჭლევეს მოუვლენს მეუფე, ცაბაოთ უფალი მის ნასუქალებს და მისი დიდების ქვეშ ცეცხლის ხანძარივით ატყდება ხანძარი.
17ცეცხლად გადაიქცევა ისრაელის ნათელი და ხანძრად - მისი წმიდა, ერთ დღეში დაწვავს და გადაბუგავს მის ძეძვს და ნარ-ეკალს.
18გაანადგურებს სულით ხორცამდე მისი ჭალების და ბაღ-ვენახების დიდებას, ჩაჭკნება და ჩაიხაშმება.
19გამეჩხერდება მისი მაღნარი და ბავშვიც კი დაითვლის დარჩენილ ხეებს.
20იმ დღეს აღარ დაენდობა ისრაელის ნატამალი და იაკობის სახლის ნარჩომი თავის მგვემელს; უფალს, ისრაელის წმიდას, დაენდობა დარწმუნებით.
21ნატამალი დაუბრუნდება, იაკობის ნატამალი ძლიერ ღმერთს!
22თუმცა ზღვის ქვიშასავით იქნება შენი ერი, ისრაელ, მაგრამ ნატამალი დაუბრუნდება მას. გადაწყვეტილია დაქცევა - შურისმგებელი სამართლიანობა.
23რადგან გადაწყდა ეს დაქცევა და აღასრულებს მეუფე, ცაბაოთ უფალი მთელ ქვეყანაზე.
24ამიტომ ასე ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი: ნუ გეშინია აშურისა, ჩემო ერო, სიონის მკვიდრო! კვერთხით გცემს და კეტს გიღერებს, როგორც ეგვიპტელნი იქცეოდნენ.
25რადგან, სულ ცოტაც და, შეწყდება გულისწყრომა და ჩემი რისხვა მათ დასაქცევად აღინთება.
26მოუქნევს მას ცაბაოთ უფალი შოლტს, როგორც მიდიანს დასცხო ყორების კლდესთან და აღიმართება წყალზე მისი კვერთხი, როგორც ეგვიპტეში აღმართა.
27იმ დღეს ჩამოგეხსნება მისი ტვირთი მხრებიდან და მისი უღელი ქედიდან, და გასკდება უღელი სიმსუქნისგან.
28ის მიდის ყაიათში, ჩაუვლის მიგრონს, მიქმასში საჭურველს გადაინახავს;
29გაივლის კლდეკარს, გებაყში გაათევს ღამეს, რამა შეძრწუნდება, საულის გიბყა გაიფანტება.
30აყიჟინდი შენს ხმაზე, გალიმის ასულო! გესმოდეს, ლაიშა, ბედშავო ყანათოთო!
31მადმენა გაიქცა, გებიმელებმა თავს უშველეს.
32კიდევ ერთი დღით ნობში დაყოვნდება, ხელს მოუღერებს სიონის ასულის მთას, იერუსალიმის ბორცვს.
33აჰა, მეუფე, ცაბაოთ უფალი, ზარდაცემით ლეწავს რტოებს; ტანმაღალნი გაიჩეხებიან და აღზევებულნი დაემხობიან.
34გაკაფავს რკინით ტყის უღრანს და დაეცემა ლიბანი ძლიერის ხელით.
Next