Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1ნეტავ ჩემი ძმა ყოფილიყავი, დედაჩემის ძუძუნაწოვი! გარეთ გიპოვნიდი, გაკოცებდი და არ დამძრახავდნენ.
2წაგიძღვებოდი და, ვინც გამზარდა, დედაჩემის სახლში შეგიყვანდი, სურნელოვან ღვინოს - ჩემი ბროწეულის წვენს შეგასმევდი.
3მისი მარცხენა ჩემს თავქვეშ იქნებოდა, მარჯვენა მომეხვეოდა მისი!
4გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!
5ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, თავისი მეტრფის მხარს დაყრდნობილი? ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე შენ. იქ გშვა დედამ შენმა, იქ გშვა მშობელმა შენმა.
6დამდევდი, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი შენს მკლავზე; რადგან ძლიერია სიკვდილივით სიყვარული, სასტიკია ჯოჯოხეთივით შური; არმური მისი ცეცხლის არმურია, უფლის ალი.
7ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი და მდინარე ვერ წარხოცავს მას. კიდეც რომ გასცეს კაცმა სახლის მთელი დოვლათი სიყვარულის წილ, მაინც არ ასცდება სიძულვილი.
8პატარაა დაი ჩვენი და ჯერ არ დამჩნევია ძუძუები. რა ვუყოთ ჩვენს დას იმ დღეს, როცა დაუდგება ნიშნობის ჟამი?
9ზღუდე რომ იყოს, ვერცხლის ქონგურებს დავუშენებდით; კარი რომ იყოს, ნაძვის ფიცრებს მივუდგამდით.
10მე ზღუდე ვარ და გოდლებივით მაქვს ძუძუები. ახლა კი მოწიფული ვჩანვარ მის თვალში.
11ჰქონდა ბაალ-ჰამონში ვენახი ხოლომონს და ჩააბარა მცველებს ვენახი. თითოეულს ათასი მოჰქონდა ვერცხლი ყურძნის სანაცვლოდ.
12ჩემი ვენახი კი ჩემს წინაშეა. ათასი შენია, სოლომონ, ორასი - ნაყოფთა მცველების.
13ბაღების მკვიდრო, მეგობრები ისმენენ შენს ხმას - მასმინე მეცა!
14გაიქეცი, მეტრფევ ჩემო! ემსგავსე ნიამორს ანუ ირმის ნუკრს, სურნელოვან მთებზე მოარულთ.
Next