ფსალმუნი - 80
Previous1გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე. ასაფისა.
2უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას, შეჰღაღადეთ იაკობის ღმერთს.
3ასწიეთ სიმღერა და დაუკარით დაირა, ტკბილხმიანი ქნარი ებანთან ერთად.
4დაუკარით ახალი თვის თავზე ბუკი, მთვარის მოვანების ჟამს, ჩვენი დღესასწაულის დღეს.
5რადგან ეს არის კანონი ისრაელისა, სამართალი იაკობის ღმერთისა.
6დაადგინა მოწმობად იოსებისათვის, როცა გამოვიდა ეგვიპტის ქვეყნიდან; ენა, რომელიც არ ვიცოდი, ვისმინე.
7მოვხსენი ტვირთი მის მხრებს. მისი ხელები გოდრისაგან განთავისუფლდნენ.
8გაჭირვებაში მომიხმე და გადაგარჩინე, გიპასუხე ელვის საფარში, გამოგცადე მერიბას წყლებზე. სელა.
9ისმინე, ჩემო ხალხო, და დაგიმოწმებ მე, ისრაელო, თუ მომისმენ.
10არ იყოს შენში სხვა ღმერთი და თაყვანი არ სცე უცხო ღმერთს.
11მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, შენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან; განავრცე ძირი შენი და გავავსებ მას.
12არ ისმინა ჩემმა ხალხმა ხმა ჩემი და ისრაელი არ დამემორჩილა.
13და მივუშვი ისინი თავიანთ გულისწადილზე, იარონ თავიანთ ნებაზე.
14ჩემს ერს რომ ჩემი ესმინა და ისრაელს ჩემს გზაზე ევლო.
15მოკლე ხანში მოვდრეკდი მათს მტრებს და მათს მჩაგვრელებზე ხელს აღვმართავდი.
16უფლის მოძულენი იპირფერებდნენ მასთან და მათი ჟამი იქნებოდა სამარადისო.
17გამოვკვებავდი მათ მაწიერი ხორბლით და კლდის თაფლით დავანაყრებდი.
Next