Eleos

Contents

ფსალმუნი - 76

Previous
1გუნდის ლოტბარს. იედუთუნის შესახებ. ასაფის ფსალმუნი.
2ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და მე შევღაღადებ. ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და ის მომისმენს.
3ჩემი გაჭირვების დღეს უფალს ვეძიებ, ჩემი ხელი ღამღამობით გაწვდილია და არ ივანებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული.
4გავიხსენებ ღმერთს და ვთრთი, ვისაუბრებ და უძლურდება ჩემი სული. სელა.
5თვალი არ დამახუჭინე; შევძრწუნდი და ვეღარ ვლაპარაკობ.
6ვიგონებდით ადრინდელ დღეებს, გარდასულ წლებს.
7გავიხსენებ ჩემს გალობას ღამღამობით, ჩემს გულთან ვისაუბრებ და განიცდის სული ჩემი.
8ნუთუ საუკუნოდ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს მოისურვებს?
9ნუთუ სამუდამოდ გაქრა მისი წყალობა, დამთავრდა მისი სიტყვა თაობიდან თაობამდე?
10ნუთუ დაივიწყა შებრალება ღმერთმა? ნუთუ რისხვით უარყო სიბრალული? სელა.
11და ვთქვი: აი, ჩემი უბედურება - შეცვლა უზენაესის მარჯვენისა.
12გავიხსენებ უფლის საქმეებს, რადგანაც მახსოვს შენი ძველი სასწაულები.
13ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ.
14ღმერთო! წმიდაა შენი გზა. რომელი ღმერთია ჩვენი ღმერთივით დიდი?
15შენა ხარ ღმერთი, სასწაულის მოქმედი; შენ გამოავლინე ხალხთა შორის ძლიერება შენი.
16შენი მკლავით დაიხსენი შენი ერი - ძენი იაკობისა და იოსებისა. სელა.
17გიხილეს წყლებმა, ღმერთო, გიხილეს წყლებმა - შეშინდნენ, უფსკრულნიც კი შეძრწუნდნენ.
18გადმოღვარეს წყლები ღრუბლებმა, ხმა გამოსცეს ცებმა, შენი ისრებიც მიმოფრენდნენ.
19შენი გრგვინვის ხმა ცის თაღზე - გაანათეს ელვებმა სამყარო, შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა.
20ზღვაშია შენი გზა და შენი ბილიკი - დიდ მდინარეებში, და შენი კვალი არ არის ცნობილი.
21უძღოდი, ვითარცა ცხვარს, შენს ხალხს მოსეს და აარონის ხელით.
Next