Eleos

Contents

ფსალმუნი - 68

Previous
1გუნდის ლოტბარს. შოშანის საკრავზე, დავითის ფსალმუნი.
2მიხსენი, ღმერთო, რადგან სულამდე მოვიდა წყალი.
3ჩავიძირე გაუვალ ლაფში და არ არსებობს დასადგომი; შევედი წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო.
4მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღმერთის მოლოდინში.
5ჩემი თავის ბალანზე მეტია ჩემი უმიზეზოდ მოძულენი; გაძლიერდნენ ჩემი მოსპობის მსურველნი, ჩემზე ტყუილ-უბრალოდ გადამტერებულნი; რაც არ წამირთმევია, ის უნდა დავუბრუნო.
6ღმერთო, შენ უწყი ჩემი უვიცობა და ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან.
7ნუ შერცხვებიან ჩემს გამო შენი მოიმედენი, უფალო, ღმერთო ძალთა; ნუ გაწბილდებიან ჩემს გამო, ვინც შენ გეძებს, ღმერთო ისრაელისა.
8რადგანაც შენი გულისათვის მივიღე ლანძღვა, სირცხვილმა დაფარა ჩემი სახე.
9შორეული გავხდი ჩემი ძმებისათვის და უცხო - დედაჩემის შვილთათვის.
10რადგან შენი სახელის შურმა დამღრღნა მე და შენთა მლანძღველთა ლანძღვა დამატყდა თავს.
11და ვტირი ჩემი სულის მარხვით, და მათი სალანძღავი გავხდი.
12და ჩავიცვი სამოსად ძაძა და იგავად ვიქეცი მათთვის.
13ჩემზე ლაპარაკობენ კარიბჭესთან მსხდომნი და მღერიან ღვინის მსმელნი.
14და მე ვლოცულობ შენს მიმართ, უფალო, სასურველ დროს; ღმერთო, შენი დიდი წყალობით მიპასუხე შენი შველის ჭეშმარიტებით.
15მიხსენი ლაფისგან და არ დავინთქა, გადამარჩინე ჩემთა მოძულეთა და წყლის სიღრმეთაგან.
16ნუ გამიტაცებს წყლის ტალღა და ნუ ჩამყლაპავს მორევი და ნუ შეიკრავს ჩემზე პირს ჭა.
17მიპასუხე, უფალო, რადგან კარგია შენი წყალობა; შენი დიდი სიბრალულით გადმომხედე.
18ნუ დაფარავ სახეს შენი მორჩილისგან, რადგან მიჭირს; სწრაფად მიპასუხე.
19მოუახლოვდი ჩემს სულს, გადაარჩინე; ჩემი მტრების ჯიბრით მიხსენი.
20შენ იცი ჩემი გალანძღვა, ჩემი გაწბილება და ჩემი შერცხვენა; შენს თვალწინ არიან ჩემი მტრები.
21დამცირებამ დაამსხვრია ჩემი გული და ქანცი გამიწყდა; ველოდი თანამგრძნობლებს და არავინ იყო, მანუგეშებელს და - ვერ ვპოვე.
22და აურიეს ჩემს საჭმელში ძირმწარე და წყურვილის დროს მასვეს ძმარი.
23იყოს მათი ტაბლა მათთვის ხაფანგად და სიმშვიდის ჟამს - მახედ.
24დაბნელდეს თვალნი მათნი და წელი მათი სამუდამოდ მოადუნე.
25გადმოაფრქვიე მათზე შენი მრისხანება და შენი რისხვის ალი ეწიოთ მათ.
26სამკვიდრებელი მათი გაპარტახდეს, მათ კარვებში არ იყოს მკვიდრი.
27ვინაიდან, ვინც შენ გვემე, დევნიან, და შენს გვემილთა სატკივარს ამრავლებენ.
28დაურთე ცოდვა მათს ცოდვას და ნუმც შეაღწევენ შენს სიმართლეში.
29ამოიშალონ ცოცხალთა წიგნიდან და წმიდანებთან ნუ ჩაიწერებიან.
30ხოლო მე ღარიბი და დავრდომილი ვარ. შენმა შველამ, ღმერთო, დამიფაროს მე.
31ვაქებ ღმერთის სახელს; გალობით განვადიდებ, მადლიერებით.
32და უფრო მოეწონება ეს უფალს, ვიდრე ხარი, მოზვერი რქიანი და ჩლიქიანი.
33რადგან მოუსმენს ღატაკებს უფალი და თავის ტყვეებს არ უგულებელყოფს.
34ნახავენ მოკრძალებულნი, გაიხარებენ და გაცოცხლდება გული თქვენი, მაძიებელნო ღმერთისა.
35განადიდებენ მას ცა და დედამიწა, ზღვები და ყოველი, მათში მოძრავი.
36რადგანაც ღმერთი დაიხსნის სიონს და ააშენებს იუდას ქალაქებს, და დასახლდებიან იქ და დაიმკვიდრებენ.
37მის მორჩილთა შთამომავლობა დაეუფლება მას და მისი სახელის მოყვარულნი დაბინავდებიან მასში.
Next