Eleos

Contents

ფსალმუნი - 43

Previous
1გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა მოძღვრება.
2ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ჩვენი მამები გვიამბობდნენ, თუ რა საქმე მოიმოქმედე მათ დღეებში, უძველეს დროში.
3შენ შენი ხელით განდევნე ხალხები, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე.
4ვინაიდან მათ ხმლით არ მოუპოვებიათ ქვეყანა, და მათ მკლავებს არ დაუხსნიათ ისინი, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის ნათელმა, რადგან მათდამი კეთილგანეწყვე.
5შენ ხარ ის, ხელმწიფეო ჩემო, ღმერთო; უბოძე შველა იაკობს.
6შენით დავანარცხებთ ჩვენს მტრებს; შენი სახელით გავთელავთ, ვინც აღდგება ჩვენს წინააღმდეგ.
7რადგან ჩემს მშვილდზე არა ვარ დანდობილი და ჩემი მახვილი არ დამიხსნის.
8არამედ შენ გვიხსნი ჩვენი მტრებისაგან და ჩვენს მოძულეებს შეარცხვენ.
9ღმერთით ვტრაბახობდით ყოველდღე და შენს სახელს ვადიდებთ უკუნისამდე. სელა.
10მაგრამ მიგვატოვე და შეგვარცხვინე, და არ გამოდიხარ ჩვენს მხედრობასთან.
11უკუგვაქციე მტრისაგან და ჩვენმა მოძულეებმა გაგვძარცვეს ჩვენ.
12მიგვეცი ჩვენ, როგორც ცხვარი, შესაჭმელად, და დაგვფანტე ხალხებს შორის.
13გაჰყიდე შენი ერი სარგებლის გარეშე, და არ იდავე მათ ფასზე.
14მიგვეცი შესარცხვენად მეზობლებს, დასაცინად და საგინებლად - ჩვენს ირგვლივ მყოფთ.
15იგავად გვაქციე ხალხებს შორის, თავის გასაქნევ-გამოსაქნევად ერებს შორის.
16ყოველდღე ჩემი აუგი ჩემს წინაშეა და სირცხვილი მიფარავს სახეს
17შემარცხვენლისა და მაგინებლის ხმისაგან, მტრისა და შურისმაძიებლის პირისაგან.
18ყოველივე ეს გვეწია ჩვენ, და მაინც არ დაგივიწყეთ შენ, არ გაგვიმრუდებია შენი აღთქმა.
19არ უკუქცეულან ჩვენი გულები და არც ჩვენს ტერფებს გადაუხვევიათ შენი გზიდან.
20როცა შენ შეგვმუსრე ტურების ადგილას და გადაგვაფარე სირცხვილის ჩრდილი.
21ჩვენ რომ დაგვევიწყებინა სახელი ჩვენი ღმერთისა, და ხელი გაგვეშვირა უცხო კერპებისთვის,
22განა ღმერთი არ გვაზღვევინებს ამას? რადგან მან იცის საიდუმლონი გულისა.
23ხოლო შენი გულისათვის გვკლავდნენ ყოველდღე, მივაჩნდით დასაკლავ ცხვრად.
24გამოიღვიძე, რატომ გძინავს, უფალო, გამოფხიზლდი, სამუდამოდ ნუ მიგვატოვებ.
25რატომ ფარავ შენს სახეს? ივიწყებ ჩვენს მწუხარებასა და გაჭირვებას?
26რადგან მეტისმეტად სულდამძიმებულნი ვართ, მიწას განერთხა ჩვენი მუცელი.
27აღსდექ ჩვენს დასახმარებლად და გვიხსენი შენი წყალობის გულისათვის.
Next