Eleos

Contents

ფსალმუნი - 39

Previous
1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.
2მტკიცედ ვესავდი უფალს და მომხედა მე, და მოისმინა ჩემი ვედრება.
3და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და დააყენა კლდეზე ფეხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები.
4და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა - განსადიდებლად ჩვენი ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეშინდება და მიენდობა უფალს.
5ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს, და არ მიმართავს კადნიერთ და სიცრუის მოტრფიალეთ.
6ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებსა და ჩანაფიქრებზე ჩვენს მიმართ - ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ; მრავალია და ძნელია სათქმელად.
7მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე; ყურები გამიმახვილე; აღსავლენი და ცოდვის მსხვერპლი არ მოგითხოვია;
8მაშინ ვთქვი: აი, მოვედი; წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე.
9შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.
10სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს; აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი.
11შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში, შენს ერთგულებასა და შენს ხსნაზე ვლაპარაკობდი, შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულისათვის.
12შენ, უფალო, არ დამილიო შენი თანაგრძნობა; შენი წყალობა და შენი ჭეშმარიტება მუდამ მიცავენ მე.
13რადგანაც გარე შემომეხვია აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი და არ შემეძლო დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა.
14ისურვე, უფალო, ჩემი დახსნა; უფალო, ჩემს დასახმარებლად გამოეშურე.
15დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებს, უკუიქცნენ და თავი მოეჭრათ ჩემს ავის მდომებს;
16დაე, შეძრწოლდნენ სირცხვილისაგან, ვინც მეუბნებოდა: ოჰო, ოჰო!
17გაიხაროს და გამხიარულდეს ყველა, ვინც შენ გეძებს, მუდამ თქვან შენი შველის მოყვარულებმა: დიდია უფალი.
18ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ; უფალი იფიქრებს ჩემზე. ჩემი დამხმარე და მხსნელი შენა ხარ, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ.
Next