Eleos

Contents

ფსალმუნი - 32

Previous
1იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება.
2ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.
3უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყეთ ჰანგი მოძახილით.
4რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია.
5უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა.
6უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო.
7შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.
8ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, თრთოდეს მისგან ყველა მკვიდრი სამყაროისა.
9რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს.
10უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს.
11აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისნი.
12ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც უფალია ღმერთი, ხალხი - მისდა სამემკვიდრეოდ ამორჩეული.
13ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს.
14თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.
15მან შეჰქმნა გული თითოეულისა, და სწვდება ყველა მათ საქმეს.
16მეფეს ვერ უშველის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა.
17უიმედოა ცხენი შველისათვის და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხსნის.
18აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის;
19რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილობის დროს.
20ჩვენი სული მომლოდინეა უფლისა, ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი.
21რადგან მისით ხარობს ჩვენი გული, რადგან ვესასოებით მის წმიდა სახელს.
22იყოს ჩვენდამი, უფალო, შენი წყალობა, რადგანაც შენზე ვამყარებთ იმედს.
Next