ფსალმუნი - 29
Previous1ფსალმუნი დავითისა, ქება სახლის განახლებისა.
2განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე.
3უფალო, ღმერთო ჩემო! მოგიხმე და შენ განმკურნე მე.
4უფალო, შენ ამოიყვანე სული ჩემი ჯოჯოხეთიდან, და გამაცოცხლე, რომ საფლავში არ ჩავსულიყავ.
5უგალობეთ უფალს, მისო წმიდანებო, ადიდეთ ხსენება მისი სიწმიდისა.
6რადგან წამიერია რისხვა მისი, ხოლო სიცოცხლე - მისი სურვილით; ღამით გლოვა დაისადგურებს, ხოლო ცისკრის ჟამს - მხიარულება.
7და მე ვთქვი ჩემი ნეტარების ჟამს: არ დავეცემი უკუნისამდე.
8შენი სურვილით, უფალო, გადაარჩინე ჩემი მთა; დაფარე შენი სახე და - შევძრწუნდი.
9შენ მოგიხმობ, უფალო, და ჩემს ბატონს შევევედრები:
10რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში ჩავალ? განა მტვერი შეგასხამს ხოტბას? განა შენს ჭეშმარიტებას განაცხადებს?
11უფალო, მომისმინე და შემიწყალე, იყავი შემწე ჩემი.
12შენ ჩემი წუხილი ცეკვად მიქციე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე.
13ამისათვის გიგალობებს სული ჩემი და არ დადუმდება, უფალო, ღმერთო ჩემო! შენ გადიდებ უკუნისამდე.
Next