Eleos

Contents

ფსალმუნი - 17

Previous
1გუნდის ლოტბარს. უფლის მორჩილი დავითისა, რომელმაც წარმოთქვა უფლის მიმართ სიტყვები ამ გალობისა იმ დღეს, როცა უფალმა გადაარჩინა ყველა თავისი მტრის ხელთაგან და საულის ხელთაგან.
2და თქვა: შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო.
3უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო და მხსნელო ჩემო, ღმერთო ჩემო, - ჩემი კლდე ხარ, თავშესაფარი. ფარო ჩემო და დამხმარეო, საყრდენო ჩემო.
4ქებულია, ვიძახი, უფალი, და მტრებისაგან გადამარჩენს.
5გარს შემომერტყა სიკვდილის ხვია და შემაძრწუნეს ნაკადებმა უკუღმართებმა.
6შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილის ხაფანგები გადამეღობა.
7გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და ღმერთსა ჩემსა მოვუწოდებდი. ისმინა ხმა ჩემი თავისი სამხილიდან და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი.
8შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა, შეკრთნენ მთათა ფუძენი; შეძრწუნდნენ, რადგან განრისხდა იგი.
9აღმოხდა კვამლი მისი რისხვისა, ცეცხლი მომსვრელი მის ბაგეთაგან, ნაკვერჩხლები აღმოენთნენ მისგან.
10დახარა ცანი და გარდმოვიდა, და მის ფეხთა ქვეშ - ნისლი უკუნი.
11ქერუბიმებზე ამხედრდა და გაფრინდა, და გაეშურა ქარის ფრთებით.
12წყვდიადი თავის საფარად აქცია, გარემო მისი - საბურველად, მძიმე ღრუბლები, სიბნელე წყლისა.
13მისი პირის ბრწყინვალებით გაიფანტნენ ღრუბლები, სეტყვა და ნაკვერჩხლები.
14და დაიგრგვინა უფალმა ზეცაში, და ზეციერმა გამოსცა ხმა თავისი სეტყვით და ნაკვერჩხლებით.
15გაუშვა ისრები და მიმოფანტა, ელვანი მრავალნი - და განაბნია.
16და გამოჩნდნენ წყარონი წყალთა და გაშიშვლდნენ ფუძენი სამყაროსი შენს მრისხანე დაძახილზე, უფალო, შენი პირის ქარის ქროლვაზე.
17გამომიწოდა სიმაღლიდან, ამომიყვანა. მრავალ წყალთაგან გამომიხსნა.
18დამიხსნა ძლიერი მტრისაგან და მოძულეთაგან ჩემთა, ჩემზე ძლიერნი რომ იყვნენ.
19აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ჩემი გაჭირვების ჟამს, და უფალი იყო ჩემი საყრდენი.
20გამომიყვანა გაშლილ სივრცეზე, მიშველა, რადგან ვუყვარვარ მე.
21მიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე დამაჯილდოვა.
22ვინაიდან მივყვებოდი უფლის გზებს და არ ვცოდავდი ღმერთის წინაშე;
23ვინაიდან ჩემს თვალწინაა ყველა მისი მცნება და მისი კანონებიდან არ გადამიხვევია.
24უცოდველი ვიყავი მის წინაშე და თავს ვიცავდი შეცოდებისგან.
25და მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე მის თვალთა წინაშე.
26გულმოწყალეს წყალობით ექცევი, გულმართალს - გულმართლად.
27ჭეშმარიტს ჭეშმარიგად ექცევი, უკუღმართს - უკუღმართად;
28რადგან საწყალ ხალხს იხსნი და მედიდურ თვალებს ამდაბლებ.
29ამიტომ ანთებ ჩემს ლამპარს, უფალო; ჩემი ღმერთი სინათლედ მიქცევს სიბნელეს.
30შენით ვამარცხებ ლაშქარს და ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს.
31უმწიკვლოა გზა ღმერთისა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასათვის, ვინც მას მიენდობა.
32რადგან ვინ არის ღმერთი, გარდა უფლისა? ანდა ვინ არის ბურჯი, გარდა ჩვენი ღმერთისა?
33ღმერთი მიმატებს ძალას და სწორ გზას მაძლევს.
34ჩემს ფეხებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს სიმაღლეებზე მაყენებს.
35ომს ასწავლის ჩემს ხელებს და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს მკლავებს.
36მომეცი ფარი შენი ხსნისა და შემეწიე შენი მარჯვენით. და განმადიდე შენი წყალობით.
37გამიფართოვე ნაბიჯი ჩემს ქვეშ და ჩემი კანჭები აღარ წაბორძიკებულან.
38დავედევნები ჩემს მტრებს და წამოვეწევი და არ დავბრუნდები, ვიდრე არ მოვსპობ.
39დავამარცხებ და წამოდგომას ვეღარ შეძლებენ, ჩემთა ფეხთა ქვეშ განირთხმებიან.
40და შენ შთამბერე ძალა საომრად, მოდრიკე ჩემზე აღმდგარნი ჩემს ფეხქვეშ.
41ჩემს მტრებს ზურგი შენ აბრუნებინე ჩემგან და მე ამოვწყვეტ ჩემს მოძულეებს.
42იღაღადებენ და მშველელი არ ეყოლებათ, უფლის მიმართ - და არ უპასუხებს.
43გავაცამტვერებ, როგორც ქარი მტვერს, გავთელავ, როგორც ტალახს ქუჩაში.
44მიხსენი ხალხის დავისაგან, დამაყენე ერთა უფროსად, ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახუროს მე.
45ყურის მოკვრითაც მორჩილნი გახდებიან ჩემს წინაშე, უცხო ტომები პირფერულად მომეპყრობიან.
46უცხო ტომები გაილევიან და ათრთოლდებიან თავიანთ სიმაგრეებში.
47უკვდავია უფალი და დიდებულია სიმაგრე ჩემი! და ამაღლდება ღმერთი - ჩემი მშველელი.
48ღმერთი, რომელიც შურს იძიებს ჩემთვის და მიმორჩილებს ერებს.
49ჩემო მხსნელო მტრებისაგან! შენ ამამაღლე მათზე, ვინც აღმდგარია ჩემს წინააღმდეგ! და უკეთური კაცისაგან მიხსენი.
50ამისთვის გადიდებ ერებში, უფალო, და შენს სახელს ვუგალობებ.
51ამრავლებს შველას მეფისათვის და წყალობას თავისი ცხებულისთვის - დავითისა და მისი მოდგმისთვის უკუნითი უკუნისამდე.
Next