Eleos

Contents

ფსალმუნი - 143

Previous
1დავითისა. კურთხეული არს უფალი, ბურჯი ჩემი, რომელმაც ასწავლა ჩემს ხელებს ბრძოლა, ჩემს თითებს - ომი.
2მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, მცველო ჩემო და მხსნელო ჩემო; ჩემი ფარი ხარ და მასზე ვარ დანდობილი, ის ჩემს ხალხს გახდის მორჩილად ჩემდა.
3უფალო, რა არის კაცი, რომ იცნო ის, ძე ადამისა, რომ მიიჩნიო ის?
4ადამიანი ჰგავს ამაოებას, მისი დღეები - ვითარცა ჩრდილი გარდასული.
5უფალო, მოდრიკე ცანი შენნი და გადმოდი, შეეხე მთებს, რომ აკვამლდნენ.
6გამოაელვე ელვანი და გაფანტე ისინი, გამოუშვი ისარნი შენნი და თავზარი დაეცი მათ.
7გამოიწოდე შენი ხელი მაღლიდან; მიხსენი და გადამარჩინე მრავალ წყალთაგან, უცხო ტომთა ხელიდან.
8რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.
9ღმერთო, ახალ გალობას გიგალობებ შენ, ათსიმიან ჩანგზე გიგალობებ შენ.
10რომელიც უბოძებს ხსნას მეფეებს, იხსნის დავითს - თავის მორჩილს ბოროტი მახვილისაგან.
11მიხსენი და გადამარჩინე უცხოელთა ხელიდან, რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.
12რომ ჩვენი ვაჟები ნერგებივით იზრდებოდნენ მათს სიჭაბუკეში; ჩვენი ასულნი, ვითარცა ოსტატურად თლილი სვეტები სასახლისა.
13ჩვენი ბეღლები სავსე იყოს ნაირნაირი მოსავლით. ცხვარნი ჩვენნი ათასობდნენ, ათიათასობდნენ ჩვენს საძოვრებზე.
14ჩვენი ხარები დტვირთულნი იყვნენ. არც ზარალი და არც დანაკლისი, არც გოდება ჩვენს ქუჩებში.
15ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც ასეა. ნეტარ არს ხალხი, რომელსაც ჰყავს უფალი, თავისი ღმერთი.
Next