ფსალმუნი - 101
Previous1ლოცვა გლახაკისა, ოდეს იტანჯება და უფლის წინაშე გადმოღვრის თავის გულისნადებს.
2უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა და ჩემი ღაღადისი შენთან მოვიდეს.
3ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, ჩემი გაჭირვების ჟამს მომაპყარ ყური; რომელ დღესაც მოგიხმობ, მსწრაფლ მიპასუხე.
4რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები დაიბუგა, როგორც კოცონზე.
5დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა.
6ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს.
7ვემსგავსე ვარხვსა უდაბნოსას, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანაგრევებში.
8უძილო ვიქმენ და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე.
9ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, ჩემი განმქიქებელნი ჩემს სახელს საწყევრად აქცევენ.
10რადგან ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლით შევაზავე;
11შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო, რომ ამიყვანე და დამანარცხე.
12ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მე ბალახივით ვხმები.
13შენ კი უფალო, საუკუნოდ იარსებებ და შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდე იქნება.
14შენ კი აღსდექ, შეიწყალე სიონი, რადგან ჟამია მისი შეწყალებისა, რადგან მოვიდა დრო.
15რადგან ისურვეს შენმა მორჩილებმა მისი ქვები და მისი მტვერი ენანებათ.
16შეეშინდებათ ხალხებს უფლის სახელისა და ყველა მეფეს ამქვეყნიერს - შენი დიდებისა.
17რადგან აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თვისი ღირსებით.
18მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათ ლოცვას.
19დაიწერება ეს მომავალი თაობისათვის და ხალხი, რომელიც გაჩნდება, ადიდებს უფალს.
20რადგან გადმოიხედა თავისი წმიდა სიმაღლიდან უფალმა, ციდან ქვეყანა მოიხილა.
21რომ მოესმინა კვნესა პატიმრისა, გაეთავისუფლებინა სიკვდილის ძენი.
22რათა აუწყონ სიონზე სახელი უფლისა და ქება მისი - იერუსალიმში.
23როცა შეგროვდებიან ხალხები ერთად და სამეფონი უფლის სამსახურებლად.
24გაასავათა გზაში ჩემი ძალა, შეამცირა დღენი ჩემნი.
25ვეტყვი: ღმერთო ჩემო! ნუ მომტაცებ დღეებს ნახევარგზაზე; თაობიდან თაობამდეა შენი წლები;
26უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა.
27ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან.
28შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევიან.
29ძენი მორჩილთა შენთა დამკვიდრდებიან და შთამომავალი მათი შენს წინაშე წარიმართება.
Next