თავი - 9
Previous1შეიტყო საბას დედოფალმა სოლომონის ამბავი და მოვიდა იერუსალიმში, რომ გამოცანებით გამოეცადა სოლომონი. მოვიდა დიდძალი დოვლათით. აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, მრავლად ოქრო და ძვირფასი თვლები. მოვიდა მასთან და ელაპარაკა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა.
2ყველა კითხვაზე გასცა პასუხი სოლომონმა. არაფერი იყო მეფისთვის დაფარული, რომ უპასუხოდ დაეტოვებინა.
3დაინახა საბას დედოფალმა სოლომონის სიბრძნე, ნახა მისი აშენებული სახლი,
4მისი სუფრის სასმელ-საჭმელი, მის მორჩილთა საცხოვრებელი, მის მსახურეულთა საქმიანობა და შესამოსელი, მისი მწდეები და მათი შესამოსელი, მისი კიბეები, რითაც ის უფლის სახლში ადიოდა, და გაოგნებული დარჩა.
5უთხრა მეფეს: მართალი ყოფილა, რაც ჩემს ქვეყანაში მქონდა გაგონილი შენზე და შენს სიბრძნეზე.
6სიტყვების არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ მოვედი და ჩემი თვალით არ ვიხილე. აჰა, თურმე ნახევარიც არ უთქვამთ ჩემთვის შენს უსაზღვრო სიბრძნეზე. ყველაფერს გადააჭარბე, რაც გაგონილი მქონდა.
7ბედნიერია შენა ხალხი, ბედნიერნი არიან შენი მორჩილნი, მუდამ შენს წინაშე რომ დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს.
8კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც მოგისურვა, რათა მის ტახტზე დაესვი უფლის, შენი ღმერთის მეფედ. ისრაელისადმი შენი ღმერთის სიყვარულის გამო დაგაყენა მასზე მეფედ, მის სამარადისოდ განსამტკიცებლად და სამართლისა და სიმართლის გასაჩენად.
9მისცა მეფეს ასოცი ქანქარი ოქრო, დიდძალი ნელსაცხებელი და ძვირფასი ქვები. არ იყო ისეთი ნელსაცხებელი, საბას დედოფალს მეფე სოლომონისთვის რომ არ მიეცა.
10ხურამისა და სოლომონის მორჩილებმა ოფირიდან ჩამოტანილ ოქროსთან ერთად სანდალოზის ხეები და ძვირფასი ქვები ჩამოიტანეს.
11გააკეთა მეფემ სანდალოზისგან საფეხურები უფლის სახლისათვის და სამეფო სახლისათვის. ებნები და ქნარები მგალობელთათვის. ამის მსგავსი მანამდე არასდროს უნახავთ იუდას ქვეყანაში.
12მისცა მეფე სოლომონმა საბას დედოფალს ყველაფერი მისთვის სასურველი, რაც კი მან ითხოვა, იმაზე მეტი, რაც თვითონ მოართვა მეფეს. უკან გაბრუნდა და წავიდა თავის ქვეყანაში თავის მორჩილებთბ ერთად.
13ექვსას სამოცდა ექვსი ქანქარი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად.
14იმის გარდა, რა ოქრო-ვერცხლიც მოგზაურებს, ვაჭრებს, არაბთა მეფეებს და მხარეთა გამგებლებს შემოჰქონდათ.
15გააკეთა მეფე სოლომონმა ორასი დელამფარი ნაჭედი ოქროსაგან. ექვსასი შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ დელამფარზე.
16გააკეთა სამასი ფარი ნაჭედი ოქროსაგან, სამასი შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ ფარზე. დააწყო ისინი მეფემ ლიბანის მაღნარის სახლში.
17გააკეთა მეფემ სპილოს ძვლისაგან დიდი ტახტი და ხალასი ოქროთი დაფერა.
18ექვსი საფეხური ჰქონდა ტახტს, ოქროს ფეხსადგამი ჰქონდა ტახტს მიდგმული, საჯდომის ორსავე მხარეს სანიდაყვეები ჰქონდა, ხოლო სანიდაკვეებს თითო ლომი ედგა გვერდით.
19ექვს საფეხურზე, აქეთ-იქით, სხვა თორმეტი ლომი იდგა.
20მეფე სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო, ყველა ჭურჭელი ლიბანის მაღნარის სახლში რჩეული იყო. ვერცხლი და სპილენძი არაფრად მიაჩნდათ სოლომონის დროს,
21რადგან მეფის ხომალდები ხურამის მორჩილებთან ერთად თარშიშში დადიოდნენ. თარშიშული ხომალდები სამ წელიწადში ერთხელ მოდიოდნენ და მოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი, მოჰყავდათ ყაფუზუნები და ფარშევანგები.
22განდიდდა მეფე სოლომონი ქვეყნის ყველა მეფეზე მეტად თავისი სიმდიდრითა და სიბრძნით.
23ამქვეყნად ყველა მეფე ესწრაფოდა სოლომონის ნახვას, რომ მოესმინა მისი სიბრძნე, რომელიც გულში ჩაუდო ღმერთმა.
24ყველას თავისი ძღვენი მოჰქონდა: ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, შესამოსელი, საჭურველი, ნელსაცხებლები, ცხენები და ჯორები, ასე იყო ყოველწლიურად.
25სოლომონს ოთხი ათასი თავლა ჰქონდა, ჰყავდა ეტლები და თორმეტი ათასი ცხენოსანი. განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან.
26მისი ხელისუფლება ვრცელდებოდა ყველა მეფეზე ევფრატიდან ფილისტიმელთა ქვეყნამდე და ეგვიპტის საზღვრებამდე.
27ვერცხლი ქვებს გაუთანაბრა მეფემ იერუსალიმში, ხალო კედარი სიკომორის ხეს, დაბლობში რომ იზრდება.
28სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და ყველა ქვეყნიდან იყო მოყვანილი.
29სოლომონის დანარჩენი ამბები - პირველნი და უკანასკნელნი სწერია ნათან წინასწარმეტყველის მატიანეში, ახია შილონელის წინასწარმეტყველებაში, იეყდო მისნის ხილვაში, იერობოამ ნაბატის ძეს რომ შეეხება.
30იმეფა სოლომონმა იერუსალიმში მთელს ისრაელზე ორმოცი წელი.
31განისვენა სოლომონმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის, მამამისის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე რობოამი გამეფდა.
Next