თავი - 7
Previous1როცა კი სოლომონმა ლოცვა დაასრულა, ცეცხლი გადმოუშვა ზეციდან და შთანთქა აღსავლენი და მსხვერპლნი. უფლის დიდებამ აავსო სახლი.
2ვეღარ შედიოდნენ მღვდლები უფლის სახლში, რადგან უფლის დიდებით იყო ავსებული უფლის სახლი.
3როცა დაინახეს ისრაელიანებმა სახლზე გადმომავალი ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაეხვნენ ქვაფენილზე და თაყვანისცეს. აქებდნენ უფალს და ამბობდნენ: კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
4შესწირეს მსხვერპლი უფალს მეფემ და მთელმა ერმა.
5დაკლა სოლომონმა ოცდაორი ათასი ხარი და ოცი ათასი ცხვარი. აკურთხეს ღვთის სახლი მეფემ და მთელმა ერმა.
6მღვდლები თავ-თავიანთ სამსახურებელ ადგილებზე იდგნენ, ლევიანები კი დავითის გაკეთებული საუფლო საკრავებით აქებდნენ უფალს: რადგან უკუნისამდეა მისი წყალობა! ისევე, როგორც დავითი აქებდა მათი ხელით. მღვდლები საყვირებს აყვირებდნენ მათ გვერდით და ფეხზე იდგა მთელი ისრაელი.
7განათლა სოლომონმა შუა ეზო უფლის სახლის წინ, რადგან აღავლინა იქ აღსავლენი და შესწირა სამადლობელი მსხვერპლის ლურთი, რადგან სოლომონის გაკეთებულმა სპილენძის სამსხვერპლომ ვეღარ დაიტია აღსავლენი ძღვენი და ლურთები.
8შვიდდღიანი დღესასწაული გადაიხადა იმჟამად სოლომონმა და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა - დიდმა კრებულმა ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის ხევამდე.
9მერვე დღეს გამართეს საზეიმო წვეულება, რადგან შვიდ დღეს ასრულებდნენ სამსხვერპლოს სატფურებას და შვიდ დღეს - დღესასწაულს.
10მეშვიდე თვის ოცდამესამე დღეს გაისტუმრა ხალხი თავ-თავიანთ კარვებში მხიარულნი, გულსავსენი იმ სიკეთის გამო, უფალმა რომ უყო დავითს, სოლომონს და ისრაელს, თავის ერს.
11დაასრულა სოლომონმა უფლის სახლი და სამეფო სახლი. ყოველივე გულუხვად გაიღო სოლომონმა უფლის სახლისა და თავისი სახლის წარმატებით ასაშენებლად.
12ღამით გამოეცხადა უფალი სოლომონს და უთხრა: შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირავ სახლად.
13თუ ცას დავკეტავ და წვიმა აღარ მოვა, ან თუ კალიას დედამიწის გადაჭმას ვუბრძანებ, ან თუ შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ერს,
14და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ციდან მივუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათ ქვეყანას.
15ახლა თვალი გახელილი მექნება და ყურთასმენა მიპყრობილი ლოცვა-ვედრებისადმი ამ ადგილზე.
16ახლა ავირჩიე და ვაკურთხე ეს სახლი ჩემი სახელის სამარადისო სამკვიდრებლად. აქ იქნება ყოველდღე ჩემი თვალი და გული.
17თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა და ყველაფერს აასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესს და სამართალს,
18გავამტკიცებ შენს სამეფო ტახტს, როგორც დავითს, მამაშენს აღვუთქვი და ვუთხარი: არ გაგიწყდება-მეთქი ხელმწიფე ისრაელში.
19მაგრამ თუ გამიდგებით და მიატოვვბთ ჩემს წესებსა და ბრძანებებს, მე რომ მოგეცით, შეუდგებით უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ,
20ამოვძირკვავ მათ ჩემი მიწიდან, რომელიც მათ მივეცი, და ამ სახლს, რომელიც გავნათლე ჩემი სახელით, მოვიშორებ ჩემი პირიდან. საარაკოდ და სათრეველად გავხდი ყველა ხალხს შორის.
21ყველა, ვინც კი ჩაუვლის ამ სახლს, ერთ დროს აღზევებულს, გაოგნდება და იტყვის: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ სახლს?
22იტყვიან: რადგან დაივიწყეს უფალი, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, მოეჭიდნენ სხვადასხვა ღმერთებს, თაყვანს სცემდნენ და მათ ემსახურებოდნენ. ამისათვის დააწია მათ უფალმა ყველა ეს უბედურება.
Next