Eleos

Contents

თავი - 36

Previous
1გამოიყვანა ქვეყნის ერმა იეჰოახაზი, იოშიაჰუს ძე [სცხეს მას], და მამამისის ნაცვლად გაამეფეს იერუსალიმში.
2ოცდასამი წლისა იყო იეჰოახაზი, როცა გამეფდა და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. [მისი დედა იყო ხამიტალი, იერემიას ასული, ლიბნადან. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამა-პაპა იქცეოდა. ბორკილი დაადო მას ფარაონმა ნექომ დებლათში, ხამათის ქვეყანაში, რომ აღარ ემეფა იერუსალიმში].
3გადააყენა იგი ეგვიპტის მეფემ იერუსალიმში [წაიყვანა მეფემ ეგვიპტეს] და დააკისრა ქვეყანას ასი ქანქარი ვერცხლი და ერთი ქანქარი ოქრო.
4ეგვიპტის მეფემ მის ნაცვლად მისი ძმა ელიაკიმი გაამეფა იუდაში და იერუსალიმში და იეჰოაკიმად შეუცვალა სახელი. მისი ძმა იეჰოახაზი კი შეიპყრო ნექომ და ეგვიპტეში წაიყვანა [და მოკვდა იქ. ვერცხლსა და ოქროს აძლევდნენ ფარაონ ნექოს. მაშინ დაიწყო ქვეყანამ ხარკის აკრეფა და ვერცხლის გაღება ფარაონის ბრძანებით, და თითოეული შეძლებისდაგვარად მოითხოვდა ვერცხლსა და ოქროს ქვეყნის ერისაგან ფარაონ ნექოსთვის მისაცემად].
5ოცდახუთი წლისა იყო იეჰოიაკიმი, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის, თვალში. [მის დროს მიუხდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, ქვეყანას და ემორჩილებოდა მას სამი წელი, და განუდგა. შეუსია უფალმა მათ ქალდეველები და სირიელი ყაჩაღები, მოაბელი ყაჩაღები და ყამონიანები, სამარიელები, და განდგნენ ამ სიტყვის თანახმად, უფლის სიტყვის თანახმად, მის მორჩილთა, წინასწარმეტყველთა პირით რომ იყო ნათქვამი. მაინც უფლის რისხვა იყო იუდაზე, რომ განეგდო იგი თავისი პირიდან მენაშეს ყველა ცოდვის გამო, რაც ჩაიდინა მან, და უბრალო სისხლის გამო, იეჰოიაკიმმა რომ დაღვარა და რომ აავსო იერუსალიმი უბრალო სისხლით, მაგრამ არ ინება უფალმა მათი ამოგდება].
6მოუხდა მას ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, და დაადო ბორკილები, რომ ბაბილონში წაეყვანა.
7წაიღო ნაბუქოდონოსორმა უფლის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი ბაბილონში და დააწყო თავის სასახლეში, ბაბილონში.
8იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი და სიბილწენი, რაც ჩაიდინა და რაც მის წინააღმდეგ აღმოჩნდა, ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. მის ნაცვლად მისი ძე იეჰოიაქინი გამეფდა.
9რვა წლისა იყო იეჰოიაქინი, როცა გამეფდა და სამი თვე და ათი დღე იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.
10წელიწადი რომ შემოიქცა, ხალხი გაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა და ბაბილონს გადაიყვანა იგი უფლის სახლის ძვირფას ჭურჭელთან ერთად, ხოლო იუდაზე და იერუსალიმზე მისი ძმა ციდკიაჰუ გაამეფა.
11ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში.
12უკუღმართად იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის თვალში. არ მოდრკა იგი იერემია წინასწარმეტყველის წინაშე, რომელიც უფლის სიტყვას ეუბნებოდა.
13განუდგა მეფე ნაბუქოდონოსორსაც, რომელმაც ღმერთზე დააფიცა. გაიფიცხა ქედი და გული არ მოილბო უფლისკენ, ისრაელის ღმერთისკენ მოსაქცევად.
14ასევე მღვდლებისა და ხალხის ყველა წინამძღოლი მრავალს სცოდავდა წარმართთა ყველა სისაძაგლის კვალზე და ბილწავდნენ უფლის სახლს, რომელიც იერუსალიმში განწმიდა მან.
15უფალი, მათი მამა-პაპის ღმერთი ადრიდანვე უგზავნიდა და უგზავნიდა მათ სიტყვას თავის მოციქულთა ხელით, რადგან ებრალებოდა მას თავისი ერი და თავისი სამყოფელი.
16მაგრამ ისინი აბუჩად იგდებდნენ მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ერს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა.
17მოუვლინა მათ ქალდეველთა მეფე და მახვილით ამოხოცა მათი ჭაბუკები საწმიდარის სახლში, არ დაინდო არც ჭაბუკი და არც ქალწული, არც მოხუცი და არც თმაჭაღარა - ყველანი მის ხელში ჩაყარა.
18ღვთის სახლის ყველა ჭურჭელი - დიდი და მცირე, უფლის სახლის საგანძურები, მეფისა და მთავრების საგანძურებითურთ ერთიანად ბაბილონში გაზიდა.
19გადაწვეს ღვთის სახლი და დაანგრიეს იერუსალიმის კედელი, გადაბუგეს ყველა მისი სასახლე და გაანადგურეს ყველა მისი ძვირფასეულობა.
20მახვილს გადარჩენილნი ბაბილონში გადაასახლა; და იყვნენ მისი და მისი ვაჟების მორჩილნი სპარსეთის მეფობის დამყარებამდე,
21რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, იერემიას პირით ნათქვამი: ვიდრე ქვეყანა თავისი შაბათებით გაიხარებდესო. მთელ უკაცრიელობის ხანაში შაბათობდა, ვიდრე სამოცდაათი წელი არ შესრულდა.
22კიროსის, სპარსეთის მეფის პირველ წელს, როცა იერემიას პირით ნათქვამი უფლის სიტყვა აღსრულდა, უფალმა აღძრა სპარსეთის მეფის, კიროსის სული და მან საქვეყნოდ გამოაცხადა მთელ თავის სამეფოში სიტყვიერად და წერილობით, რომ
23ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე: ქვეყნის ყველა სამეფო მე მიბოძა უფალმა, ცათა ღმერთმა, და დამავალა მისთვის სახლის აგება იერუსალიმში, იუდაში რომ არის. ვინც თქვენს შორის მისი ერიდან არის, უფალი, მისი ღმერთი, იყოს მასთან, და წავიდეს!
Next