Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1როცა უფალი ელიას ცადაყვანას აპირებდა ქარბორბალათი, გილგალიდან გადიოდა ამ დროს ელია ელისესთან ერთად.
2უთხრა ელიამ ელისეს: აქ დარჩი, რადგან ბეთელში მაგზავნის უფალი. მიუგო ელისემ: უფალს და შენს თავს გეფიცები, არ მიგატოვებ. და წავიდნენ ბეთელს.
3გამოვიდა ბეთელის წინასწარმეტყველთა გუნდი ელისესაკენ და უთხრეს: ხომ იცი, რომ დღეს წაიყვანს უფალი შენს ბატონს შენს თავს ზემოთ? მიუგო: მეც ვიცი. იდუმეთ.
4უთხრა მას ელიამ: ელისე! აქ დარჩი, რადგან იერიხონში მაგზავნის უფალი. მიუგო: უფალს და შენს თავს გეფიცები, თუ მიგატოვო. და წავიდნენ იერიხონში.
5მიადგა ელისეს იერიხონის წინასწარმეტყველთა გუნდი და უთხრა: ხომ იცი, რომ დღეს წაიყვანს უფალი შენს ბატონს შენს თავს ზემოთ? მიუგო ელისემ: მეც ვიცი. იდუმეთ.
6უთხრა მას ელიამ: აქ დარჩი, რადგან იორდანეზე მგზავნის უფალი. მიუგო: უფალს და შენს თავს გეფიცები, თუ მიგატოვო. წავიდნენ ორნი.
7წამოვიდა ორმოცდაათი კაცი წინასწარმეტყველთა გუნდიდან და მოშორებით დადგნენ მათ პირისპირ. ეს ორნი იორდანესთან იდგნენ.
8აიღო ელიამ თავისი მოსასხამი, დაგორგლა და დაარტყა წყალს, შუა გაიპო წყალი და ორივენი მშრალად გავიდნენ.
9როცა გაღმა იყვნენ გასული, უთხრა ელიამ ელისეს: მთხოვე, რა გაგიკეთო, ვიდრე ავმაღლდებოდე შენგან. მიუგო ელისემ: შენი სულის ორმაგი წილი გადმოვიდეს ჩემზე.
10უთხრა: ძნელს რასმე ითხოვ. თუ მომკრავ თვალს შენგან ამაღლებულს, აგისრულდება; თუ ვერა, და არ აგისრულდება.
11როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი.
12უყურებდა ელისე და ეძახდა: ჩემო მამავ, ჩემო მამავ! ისრაელის ეტლო და მხედრობავ! მეტი არაფერი დაუნახავს. ხელი ჩაავლო თავის სამოსელს და ორად გახია.
13აიღო მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, გაბრუნდა და იორდანეს ნაპირზე ჩამოჯდა.
14დაარტყა წყალს მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, და თქვა: სად არის უფალი, ელიას ღმერთი? დაარტყა წყალს და შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა.
15შორიდან დაინახეს იგი იერიხონში მყოფმა წინასწარმეტყველებმა და თქვეს: ელიას სული გადმოვიდა ელისეზე. მიეგებნენ და მიწამდე თაყვანისცეს.
16უთხრეს: აჰა, ორმოცდაათი მარჯვე კაცი გვყავს შენს მორჩილთ; თუ გინდა წავლენ და მოგიძებნიან შენს ბატონს. იქნებ უფლის სულმა აიტაცა და სადმე მთაში, ან ხევში ჩამოაგდო. მიუგო: ნუ გაგზავნით.
17დიდხანს არ ეშვებოდნენ და ბოლოს უთხრა: გაგზავნეთ. გაგზავნეს ორმოცდაათი კაცი; სამ დღეს ეძებს, მაგრამ ვერ იპოვეს.
18მობრუნდნენ ელისესთან, რომელიც იერიხონმი იჯდა; უთხრა მან: ხომ გეუბნებოდით, ნუ წახვალთ-მეთქი.
19უთხრეს ქალაქის მცხოვრებლებმა ელისეს: კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს, როგორც თავად ხედავს ჩემი ბატონი; მაგრამ ცუდი წყალი აქვს და უნაყოფო მიწა.
20თქვა: მომეცით ახალი თასი და მარილი ჩაყარეთ შიგ. მისცეს.
21ავიდა წყლის სათავესთან და ჩაყარა მარილი, თქვა: ასე ამბობს უფალი: განმიკურნავს ეს წყალი. ამიერიდან ნუღარ იქნება მისგან სიკვდილი და უნაყოფობა.
22დღემდე ჯანსაღია ეს წყალი ელისეს სიტყვით, რომელიც წარმოთქვა მან.
23იქიდან ბეთელისკენ დაიძრა. აღმართს რომ შეუყვა, პატარა ბიჭები გამოვიდნენ ქალაქიდან, დასცინოდნენ და მისძახოდნენ: წადი, ქაჩალო! წადი, ქაჩალო!
24უკან მოხედა, დაინახა ისინი და უფლის სახელით შეაჩვენა. გამოვიდა ტყიდან ორი დათვი და დაგლიჯეს მათგან ორმოცდაორი ბავშვი.
25იქიდან ქარმელის მთისკენ წავიდა და კვლავ სამარიაში დაბრუნდა.
Next