Eleos

Contents

თავი - 11

Previous
1ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი.
2როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ.
3უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი.
4თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.
5ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ.
6თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.
7აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს.
8გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება.
9ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე.
10ეს არის სემის მოდგმა: ასი წლის იყო სემი, როცა შვა არფაქშადი, წარღვნიდან ორი წლის შემდეგ.
11იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადებიდან ხუთასი წელი. და შვა ძენი და ასულნი.
12ოცდათხუთმეტი წლის იყო არფაქშადი, როცა შვა შალახი.
13იცოცხლა არფაქშადმა შალახის დაბადებიდან ოთხას სამი წელი და შვა ძენი და ასულნი.
14ოცდაათი წლისა იყო შალახი, როცა შვა ყებერი.
15იცოცხლა შალახმა ყებერის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელი და შვა ძენი და ასულნი.
16ოცდათოთხმეტი წლისა იყო ყებერი, როცა შვა ფალეგი.
17იცოცხლა ყებერმა ფალეგის დაბადების შემდეგ ოთხას ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი.
18ოცდაათი წლისა იყო ფალეგი, როცა შვა რეღუ.
19იცოცხლა ფალეგმა რეღუს დაბადების შემდეგ ორასცხრა წელი და შვა ძენი და ასულნი.
20ოცდათორმეტი წლისა იყრ რეღუ, როცა შვა სერუგი.
21იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ ორას შვიდი წელი და შვა ძენი და ასულნი.
22ოცდაათი წლისა იყო სერუგი, როცა შვა ნახორი.
23იცოცხლა სერუგმა ორასი წელი ნახორის დაბადების შემდეგ და შვა ძენი და ასულნი.
24ოცდაცხრა წლისა იყო ნახორი, როცა შვა თერახი.
25იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ ას ცხრამეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.
26სამოცდაათი წლისა იყო თერახი, როცა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი.
27ეს არის თერახის მოდგმა: თერახმა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი; ჰარანმა შვა ლოტი.
28მოკვდა ჰარანი მამამისის, თერახის სიცოცხლეში თავის სამშობლო ქვეყნად, ქალდეველთა ურში.
29ითხოვეს ცოლები აბრამმა და ნახორმა. აბრამის ცოლი იყო სარაი, ნახორის ცოლი კი მილქა, ასული ჰარანისა, რომელიც იყო მილქას მამა და ისქას მამა.
30ბერწი იყო სარაი, შვილი არ უჩნდებოდა.
31მოჰკიდა ხელი თერახმა თავის ძეს აბრამს, თავის შვილიშვილს ლოტს, ჰარანის ძეს, თავის რძალს სარაის, თავისი ძის აბრამის ცოლს და გავიდნენ ერთად ქალდეველთა ურიდან ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. მიადგნენ ხარანს და იქ დამკვიდრდნენ.
32თერახის სიცოცხლის ხანი იყო ორას ხუთი წელი და მოკვდა თერახი ხარანაში.
Next