Eleos

Contents

თავი - 1

1თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.
2მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
3თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.
4და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.
5ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.
6თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.
7გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.
8მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.
9თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.
10ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
11თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.
12წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით.
13იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე.
14თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;
15იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე.
16გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.
17დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა,
18განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
19იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე.
20თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე.
21შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
22აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე.
23იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე.
24თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.
25გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
26თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.
27შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
28აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.
29თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.
30მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.
31დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.
Next